„ივანიშვილმა პრაქტიკულად ქვეყნის მართვა რაღაც სიმულაციად აქცია,“ - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტიდან წერილების გამოგზავნა ისევ გაგრძელდება, რადგან პარტნიორები ღიად აცხადებენ, რომ რაც ხდება აძლიერებს რუსეთს საქართველოში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპარლამენტიდან აუცილებლად იქნება წერილი, ისევე როგორც თუ არ ვცდები მარტში არის დაგეგმილი და შემდეგ რეზოლუცია საქართველოს თემაზე. ლიტონი სიტყვები არ არის, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, ეს არჩევანი ჩვენმა ქვეყანამ მყარად გააკეთა უკვე 20 წელიწადია. ამიტომ აქედან გადახვევა არ შეიძლება. ჩვენი პარტნიორები ღიად გვეუბნებიან, რომ ის რაც ხდება აძლიერებს რუსეთს თქვენ ქვეყანაში. როდესაც ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური გამოწვევა აქვს და ეს არის - ოკუპაცია და რუსეთის ძალმომრეობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, განვითარება, ის რაც ჩვენ გვინდა და რისთვისაც ჩვენს თაობებს სისხლი აქვთ დაღვრილი, ამას არ დათმობს არავინ. ივანიშვილმა პრაქტიკულად ქვეყნის მართვა რაღაც სიმულაციად აქცია, არაფერს თითქოს არც წანამძღვარი აქვს და არც შედეგი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.